საპროექტო ინიციატივის შეფასება


ამ პროექტის განხორციელების იდეა წარმოშვა მოზარდთა წიგნიერების დაბალმა დონემ, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. საინფორმაციო საშუალებათა სიმრავლემ, ნებისმიერი მასალის ვიზუალური აღქმის შესაძლებლობამ, დროის დეფიციტმა ადამიანი დააშორა წიგნს. წიგნთან გაუცხოება კი საყოველთაო მოვლენად იქცა. კითხვა ხომ უდიდესი ბედნიერებაა. იგი ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს პიროვნებას, სულიერად ამაღლებს და აფაქიზებს მას. წიგნიერი ადამიანის გრძნობები სათუთი და დახვეწილია, სამყაროს მისეული აღქმა-შთამბეჭდავი და ემოციური, ცოდნა-ღრმა და მრავალწახნაგოვანი.
კითხვა ხომ ავითარებს გემოვნებას, სიტყვის ხელოვნებით ტკბობის უნარს. იგი საშუალებას იძლევა, ჩავწვდეთ პერსონაჟთა შინაგან სამყაროს, თვალი მივადევნოთ მათი სულის მოძრაობას, ხასიათის ჩამოყალიბებას. წიგნის საშუალებით შესაძლებლობა გვეძლევა, ვიცხოვროთ სხვადასხვა დროში, ნებისმიერ ეპოქაში, რეალურსა თუ ზღაპრულ სამყაროში, არსებულსა თუ არარსებულ განზომილებაში.
მოსწავლეები გაკვეთილზე კი იღებენ თეორიულ ცოდნას წიგნის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მათ ბოლომდე გაიაზრონ არსებული პრობლემა. ამიტომ ჩემი მიზანი იყო, საგანმანათლებლო პროექტში პირველკლასელთა ჩართვა; კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; წიგნთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; წიგნისადმი ინტერესის გაღვივება; ელექტრონული, აუდიო და ინტერაქტიული წიგნების გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება; ინოვაციური მეთოდის დანერგვა; მოსწავლეთა კომპეტენციის ამაღლება.
პროექტი ,,წიგნი-ცოდნის გასაღები“ და მეთოდი ,,კითხვის სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომა დიდი წიგნების გამოყენებით“ მოსწავლეებს აზიარებს წიგნის შექმნის პროცესს იაკობ გოგებაშვილის ცნობილი ქართული ნაწარმოების „კეთილი გულის“ საფუძველზე.
პროექტზე მუშაობის დროს მსურდა, მოსწავლეებს განვითარებოდათ სხვადასხვა უნარ-ჩვევა:
1. გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება; ინტერვიუს აღება; გამოკითხვის ჩატარება; მასალების დამუშავება; ისტ-ის მეშვეობით პრეზენტაციების მომზადება.
2. თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება.
3. მოსწავლეთა შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
ვინაიდან მასალების მოსაძიებლად დიდი სამუშაო იყო ჩასატარებელი, იდეა გავაცანი ჩემს კოლეგებს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის გამგეს. ისინი დაინტერესდნენ ამ პროექტით, თავის მხრივ, საკუთარი იდეებით გაამდიდრეს და მხარში ამომიდგნენ, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.
ჩემი კოლეგების წინადადებები კი ასეთი იყო:

შევიტანოთ  ჩვენი  წვლილი  პროექტის  იდეის  განვითარებასა  და  პროექტის  მონახაზის შექმნაში

ვის შემოაქვს პროექტის იდეა?
იდეის ავტორი: ნინო გამყრელიძე განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი.
რა საკითხს/სფეროს შეეხება ეს ინიციატივა?
წიგნისადმი ინტერესის გაღვივება, აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება, ინოვაციური მეთოდის დანერგვა სასწავლო პროცესში.
აქტუალურად მიმაჩნია თუ არა შემოთავაზებული იდეა და რატომ?
იდეა აქტუალურია, რადგან  მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, წიგნთან გაუცხოება კი საყოველთაო მოვლენად იქცა.
რა მიზანს ისახავს ეს ინიციატივა?
საგანმანათლებლო პროექტში პირველკლასელთა ჩართვა; კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; წიგნთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; წიგნისადმი ინტერესის გაღვივება; ელექტრონული, აუდიო და ინტერაქტიული წიგნების გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება; ინოვაციური მეთოდის დანერგვა;  კვლევითი უნარების განვითარება; მოსწავლეთა კომპეტენციების ამაღლება.
რა კითხვებს დავუსვამდი იდეის ავტორს?
აპირებ თუ არა კვლევის გაგრძელებას, თუ პროექტი ერთჯერადია და გამოქვეყნებისთანავე დასრულდება?
რამდენად რეალისტურად მესახება ის ამოცანებირომლებიც ინიციატორებმა
დაგვისახეს? ხელს შეუწყობს თუ არა ეს ნაბიჯები მიზნის მიღწევას?
შემოთავაზებული ამოცანები რეალისტურია. მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დაევალება მასალების მოძიება. გარკვეულ ნაწილს შედარება, კვლევის ჩატარება. ზოგ მოსწავლეს დისკუსიის გამართვა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, პრეზენტაციების გამართვა. ზოგი დადგამს მინი სპექტაკლს. მთელი კლასი ესტუმრება ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საბავშვო ლიტერატურის განყოფილებას.   დაამზადებენ სხვადასხვა აპლიკაციას დიდი წიგნისათვის და შექმნიან ახალ პროდუქტს.
ამ ამოცანების საშუალებით მოსწავლეები საფუძვლიანად დაამუშავებენ და შეისწავლიან ამ საკითხებს.
პროექტის ინიციატივას მე შემდეგი იდეებით გავამდიდრებდი...
ჩემი აზრით, საინტერესო იქნება თუ მოვიწვევთ სტუმრებს, გავმართავთ საჯარო პრეზენტაციას და წარვუდგენთ ჩვენი ძალებით შექმნილ ,,დიდ წიგნს“, მოვაწყობთ გრანდიოზულ ღონისძიებას. კარგ შედეგს გამოიღებს სასკოლო ტურების მოწყობა წიგნიერების დონის გამოსავლენად.
რატომ და როგორ წაადგება ჩემი იდეები პროექტის წარმატებულ განხორციელებას?
მოსწავლეები შეძლებენ,  გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი, როგორც ცოდნის წყარო. გაუმძაფრდებათ კითხვის წყურვილი, სურვილი და ინტერესი. მაქსიმალურად მოახდენენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.




No comments:

Post a Comment